საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ სამგორის რაიონის გამგებლის დავით კერესელიძის მიერ თანამდებობის დატოვებაზე გააკეთა განცხადება. მან უმრავლესობის წევრებს ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვა.
„დასახელდა აბსურდული მიზეზები სამგორის რაიონის გამგებლის გაშვებასთან დაკავშირებით. აქ იმყოფებით სამგორის რაიონის 4 მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ტყემალაძე, რევაზ სოხაძე, გიორგი დოხტურიშვილი და ქეთი მამულაშვილი. მე მაინტერესებს, რამდენად კმაყოფილი იყავით გამგებლის მუშაობით. თუ უკმაყოფილო იყავით, რატომ არასოდეს გაგიკეთებიათ ამაზე განცხადება და თუ კმაყოფილი იყავით, რას ნიშნავს ის, რომ კახა კალაძემ არ გაითვალისწინა თქვენი პოზიცია და ისე გაუშვა ეს ადამიანი სამსახურიდან,“- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მან „ქართული ოცნების“ წევრებს ჰკითხა, არის თუ არა ეს გადაწყვეტილება გავრცელებული ხმების დადასტურება იმაზე, რომ „ქართულ ოცნებაში“, მათ შორის საკრებულოშიც არის დაპირისპირება და თავიდან დაიწყო თბილისში გავლენების, ინტერესების და თანამდებობების გადანაწილება.