თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც მან დედაქალაქის მერს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის და შემდეგ „თბილსერვის ჯგუფის“ რიგითი თანამშრომლებისთვის ხელფასების 20%-ით მომატებისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს ჰქონდა ერთ-ერთი მოთხოვნა, რომ მერიაში ჩატარებულიყო ოპტიმიზაცია, შემცირებულიყო ბიუროკრატიული ხარჯები და დაზოგილი დაახლოებით 40 მილიონი ლარი მოხმარებოდა თბილისში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელებას, ასევე მერიის სისტემაში დასაქმებული ტექნიკური პერსონალის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ნადირაძის განცხადებით, მერიამ მაშინ განაცხადა, რომ აპრილის ბოლომდე ეს საკითხი გაირკვეოდა.
„მივმართავთ თბილისის მერს კახა კალაძეს, დაიწყოს თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის ცვლილებებზე მუშაობა, შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები 40 მილიონი ლარით და ეს თანხები თბილისელების საჭიროებებს და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლების შრომის პირობების გაუმჯობესებას მოხმარდეს. ჩვენი გათვლებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის რიგითი თანამშრომლების ხელფასების ზრდა შესაძლებელია არანაკლებ 20%-ით,“- განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.
ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ეს უნდა იყოს მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების პირველი ეტაპი. მისივე თქმით, სატრანსპორტო კომპანიის, თბილსერვის ჯგუფის, ბაღების თანამშრომლების ხელფასების მომატებისთვის საჭიროა დაახლოებით 25 მილიონი ლარი.