თბილისის საკრებულოს ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა’’ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ ფრაქციის წევრთან ლევან ხაბეიშვილთან ერთად ბრიფინგი გამართა და დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებულ შენიშვნებზე ისაუბრა.
როგორც ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, ფრაქციას ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ბევრი შენიშვნა და წინადადება აქვს, რომელიც დედაქალაქის მერს კახი კალაძეს წერილობით გადაეგზავნება.
დეპუტატმა დღესვე ბრიფინგზე 5 პუნქტიანი შეთავაზება წარმოადგინა.
1. 200 ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერი ყველა პენსიონერს;
2. 150 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებს;
3. უფასო მგზავრობა სტუდენტებისთვის მეტროთი, ავტობუსით და ყვითელი მიკროავტობუსებით;
4. უფასო სასადილოების დაფინანსების მკვეთრი ზრდა;
5. ინფრასტრუქტურის და გამწვანების პროექტებისთვის დამატებით 50 მილიონი ლარის გამოყოფა.
,,წერილში ყველა ხარჯი დეტალურად დასაბუთებული და გაწერილია. ბევრ სხვა შენიშვნასთან ერთად სახელფასო ფონდისა და წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდის ნაცვლად ბიუროკრატიის შემცირებას ვითხოვთ ’’,-განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მისივე თქმით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ 2019 წლის ბიუჯეტის ამ პროექტს მხარს არ დაუჭერს.