დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა-თბილისი“ წევრებმა ირაკლი ნადირაძემ და თამაზ შოშიაშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა განაცხადეს, ისინი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ, რადგან მათივე თქმით, დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული არ არის.
დეპუტატების თქმით, 2017 წლის ბიუჯეტი 47 მნლ 655.000 ლარით მცირდება, მათ შორის, დაფინანსება უმცირდებათ ეკონომიკის სტიმულირებას, ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და დასუფთავების ღონისძიებებს, ასევე კლებულობს სოციალური დაცვისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების ხარჯებიც.
„აღნიშნული ბიუჯეტის პროექტი არა თბილისელების, არამედ „ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურება“,-განაცხადეს საკრებულოს წევრებმა.