თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგი გამართა და თბილისის მერიის მიერ 2018 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის მერიას 2017 წელს 34 მლნ ლარი დარჩა აუთვისებელი და სწორედ ამიტომ გახდა ის იძულებული, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეეტანა.
ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ თბილისის მერი ახალ სამსახურებს ქმნის იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები და თავისი ახლობლები დაასაქმოს. დეპუტატს მაგალითად მოჰყავს „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“, რომელსაც კახა კალაძის ბრძანებით, 158 შტატი ემატება. ამასთანავე, ირაკლი ნადირაძემ ბიუჯეტის ის მუხლები ჩამოთვალა, რომლებსაც დაფინანსება აკლდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კახა კალაძეს მოუწოდებს, საკრებულოდან გაიწვიოს 2018 წლის საბიუჯეტო ცვლილებები და შემოიტანოს ახალი პროექტი, სადაც თბილისელების საჭიროებები იქნება ასახული.