თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა და დედაქალაქის მერიიდან გათავისუფლებული თანამშროლების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მერიის თანამშრომლები უკანონოდ გაათავისუფლეს და სამსახურში უნდა აღადგინონ, დაუყონებლივ უნდა აღსრულდეს.
,,სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერიიდან გათავისუფლებული 3 ადამიანი აღდგენილია სამსახურში, რითაც მათი გათავისუფლების უკანონობა დადასტურდა.
მიუხედავად ამისა, თბილისის მერია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს’’,-განაცხადა ირაკლი აბესაძემ და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერმა ამ ადამიანების სამსახურში აღდგენასა და თავიანთი პროფესიონალური მოვალეობის შესრულებას ხელი არ უნდა შეუშალოს.
საქმე ეხება სამ ყოფილ თანამშრომელს: მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ხაბეიშვილს, ამავე სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის წამყვან სპეციალისტ ნინო ქაცარავასა და ამავე სამსახურის ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომელ გირშელ ბართაიას.
აღნიშნული პირები სასამართლომ თანამდებობებზე 27 იანვარს აღადგინა.