თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივლისათვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე ისაუბრა.
როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა,
2015 წლის 20 ივლისს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ამ ღონისძიების უცხოურ არხებზე რეკლამირებისთვის 3 მილიონი ლარი გამოიყო.
,,13 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც კომპანიამ ,,Innovative Media Entertainment" აიღო ვალდებულება 1 552 852 აშშ დოლარის სანაცვლოდ, განეხორციელებინა ამ ღონისძიების სარეკლამო გაშუქება უცხოურ არხებზე.
ეს რა თქმა უნდა, უკვე დაგვიანებული იყო და შესაბამისად, ამ რეკლამას არანაირი გავლენა თბილისში ტურისტებისა და ვიზიტორების მოზიდვაზე არ მოუხდენია.
2015 წლის 2 სექტემბერს საორგანიზაციო კომიტეტსა და ამ კომპანიას შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, რომლითაც ხელშეკრულების სრულად შესრულება დადასტურდა’’,-განაცხადა ირაკლი აბესაძემ და აღნიშნა, რომ არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, საბიუჯეტო სახსრების სავარაუდოდ მიტაცების ფაქტი საგამოძიებო ორგანოებმა უნდა შეისწავლონ.