დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
,,როგორც ჩანს დავით ნარმანიამ და „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე ვერ დაიკმაყოფილეს ნეპოტისტური ინტერესები და 2015 წლის იანვრიდან იწყებენ ახალ ტალღას საკუთარი ნათესავების და პარტიული აქტივისტების დასასაქმებლად. უნდა აღინიშნოს, რომ მათი დიდი რაოდენობა ნარმანიას უკვე დასაქმებული ყავდა მერიისა და გამგეობების სხვადასხვა სამსახურებში, მათ შორის საკმაოდ მაღალ თანამდებობეზე.
საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ 2015 წლიდან დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით მერიის სისტემაში დასაქმებულთა რაოდენობა კიდევ 227 ერთეულით გაიზარდა. ამასთან, გამგეობების შტატები გაზარდეს 118 კაცით და იანვრიდან დამატებით 161 კაცით განისაზღვრა გამგეობებისთვის ხელშეკრულებით ასაყვანი ადამიანების რიცხვი, ანუ ჯამში, 2015 წელს გამგეობების შტატები გაიზრდება 279 კაცით.
მიუხედავად დამატებითი ადგილების ხელოვნურად შექმნისა, რაც საბიუჯეტოს სახსრების გაფლანგვას იწვევს, გრძელდება უკვე დასაქმებული ადამიანების დევნაც და მათზე დანაშაულებრივი ზეწოლა სამსახურებიდან ,,ნებაყოფლობით“ წასვლის მიზნით. ამჯერად, თბილისის მერიის ,,ბაგა-ბაღების სააგენტოს“ უფროსის, თემურ თორდინავას დავალებით ბაგა-ბაღების დირექტორებმა საკუთარ მოადგილეებს მოსთხოვეს განცხადებების დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს დავალება მომდინარეობს თბილისის მერის, დავით ნარმანიასგან და გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ მას, რომ აღნიშნული მოქმედება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია და როგორც ბატონ თორდინავას, ასევე მისთვის ამგვარი უკანონო დავალების მიმცემი ყველა თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება, თუკი უახლოეს პერიოდში ბაგა-ბაღების დირექტორების მოადგილეებს ერთდროულად ,,ნებაყოფლობით“ მოუნდებათ უმუშევრად დარჩენა.
როგორც ვხედავთ, იმის ნაცვლად, რომ ქალაქის მერმა და მთავრობამ იმუშაონ თბილისელების პრობლემების მოგვარებაზე და მათთვისსამუშაო ადგილების შექმნაზე, ისინი მხოლოდ საკუთარი პარტიული აქტივისტებისა და ნათესავების პრობლემების მოგვარებით და მათთვის სამუშაო ადგილების შექმნით არიან დაკავებული.
აქვე, საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ მათ მიერ დასაქმებული საკუთარი აქტივისტებისა და ნათესავების უმრავლესობამ კონკურსის მიმდინარეობისას ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარიც კი. ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ თბილისის მერიაში დავით ნარმიანასა და ,,ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით საქმდებიან და გადაწყვეტილებებს იღებენ აბსოლუტურად არაკომპეტენტური ადამიანები, რაც აისახება კიდეც თბილისელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე: შეუკეთებელი გზების, გაუმაგრებელი საცხოვრებელი სახლების, შემცირებული კომუნალური ვაუჩერის, გაუარესებული სატრანსპორტო მომსახურების, თბილისის მერიაში მყარად ფეხმოკიდებული კორუფციის და სხვა ბევრი უარყოფითი კუთხით’’,-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.