თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ზვიად ნაზღაიძისთვის საკომპენსაციო თანხის გადაცემასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ოპოზიცია აღნიშნული საკითხის თაობაზე 9 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ დოკუმენტს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დასკვნა ნაჩქარევი და ზედაპირული იყო.
როგორც ორგანიზაციის ,,საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ წარმომადგენელმა ოლიკო შერმადინმა განმარტა, დასკვნა დაზარლებულებისა და ოპოზიციონერი დეპუტატის ირაკლი აბესაძის მიერ წარმოდგენილი განკარგულებების შესწავლის შედეგად დაიწერა.
მისივე თქმით, აღნიშნული მასალა დამკვირვებელს ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის სტიქიის შედეგად დაზარალებული ნაკვეთის საკომპენსაციოდ ერთ მილიონ ლარამდე თანხის ქრთამის სახით გადაცემის საფუძველს არ აძლევს.
დღესვე შეხვედრაზე საკრებულოს წევრებმა როგორც ზვიად ნაზღაიძისათვის გაცემულ თანხებზე, ასევე კომპენსაციის გარეშე დარჩენილ დაზარალებულებზე ისაუბრეს.
დასასრულს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ საკითხთან დაკავშირებით დასმულ ყველა შეკითხვას შესაბამისი სამსახურები დეტალურ პასუხებს გასცემენ.