თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა’’ წევრმა თამაზ შოშიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერიის მიერ საშტატო ერთეულის ზრდის თაობაზე ისაუბრა.
დეპუტატის ინფორმაციით, დედაქალაქის მერი საკრებულოსაგან მერიის საშტატო ერთეულის ხუთი მრჩევლით გაზრდას ითხოვს.
მისივე თქმით, მერიაში შტატები ხელოვნურადაა გაბერილი და არჩევნების შემდგომ აღმასრულებელ ორგანოში დასაქმებულთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა.
თამაზ შოშიაშვილმა ბრიფინგზე ყურადღება დედაქალაქის განვითარების კუთხითაც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ქალაქი, ფაქტობრივად, პარალიზებულია. იმ უკმაყოფილების ფონზე, რასაც მოსახლეობა თბილისის მერიის მუშაობის მიმართ გამოხატავს, შტატების ზრდა არ არის მიზანშეწონილი.
"საკითხს, რომელსაც დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მხარს არ დაუჭერენ’’,- განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.