თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია ფრაქცია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის რიმა ბერაძის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ქეთევან ჯოხაძის, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ მალაღურაძისა და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის შემადგენლობით ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში იმყოფება.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ბასკეთის დედაქალაქის ვიტორიის მერს გორკა ურტრანს, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე სატრანსპორტო, ეკოლოგიური და ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტებისა და ამ სფეროების კურატორებს - საკრებულოსა და მერიის მაღალი თანამდებობების პირებს შეხვდნენ.
მასპინძლებმა ქართულ დელეგაციას ბოლო 20-25 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები გააცნეს და იმ მიღწევებზე ისაუბრეს, რომლის შედეგადაც ქალაქი ვიტორია ერთ-ერთ წარმატებულ ინდუსტრიულ და ეკოლოგიურად სუფთა, ასევე ჯანდაცვის, სპორტისა და სოციალური პოლიტიკის მატარებელ და ურბანული განვითარების კუთხით გამორჩეულ ქალაქად იქცა.
საკრებულოს წევრებმა შეხვდრები ასევე ვიტორიის ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებთან ხესუს ბასკესთან და ინაკ გოთიასთან გამართეს, რომლებმაც ქალაქში მუნიციპალური მართვის დონეზე სპორტისა და სოციალური პოლიტიკის ხელშეწყობისთვის აღნიშნული რეფორმა პირველებმა განახორციელეს, დასახეს სტრატეგია და შექმნეს სპორტული ინფრასტრუქტურა, რამაც უპრეცედენტოდ გაზარდა მოქალაქეების სპორტში ჩართულობა.
ესპანეთის სპორტის ყოფილმა მინისტრმა და ქალაქ ვიტორიის მერის ყოფილმა მოადგილემ პრეზენტაციისას დეტალურად აღწერეს ის მიმართულებები, რომლის მიხედვითაც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესი დაინერგა. მათივე ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა სპორტული ინფრასტრუქტურა და გამაჯანსაღებელი აქტივობები, რამაც მოსახლეობაში სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 პროცენტით გაზარდა.
თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა ქალაქში მუნიციპალური მართვის დონეზე სოციალური და სპორტული პოლიტიკის შედეგად შექმნილი ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს დელეგაციის წევრებმა აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევბზე ისაუბრეს და წარმატებული რეფორმების მოდელების გაცვლასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები დასახეს.
შეხვედრების დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ქართული დელეგაციის ვიზიტი ესპანეთში კვლავ გრძელდება. საკრებულოს წევრები ქალაქ ბილბაოს მერსა და მადრიდის მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვდრებს.