თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა, საკრებულოს ოპოზიციამ რამდენიმე საკითხზე გააკეთა განცხადება, რასაც საკრებულოს ურმავლესობის წევრებმა გასცეს პასუხები. კერძოდ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა თბილისის მერიის მიერ ახალი ავტობუსების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის შესახებ ისაუბრეს და განაცხადეს, რომ თბილისის მერია აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები უნდა შეეძინა, თუმცა ტენდერი დიზელზე მომუშავე ავტობუსებზე გამოაცხადა.
საკრებულოს ოპოზიციას უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს და აღნიშნეს, რომ თბილისის მერიამ დიზელზე მომუშავე ავტობუსებზე ტენდერი იმიტომ გამოაცხადა, რომ ამჟამად თბილისში „MAN“-ს ფირმის ავტობუსებთან შედარებით მცირე ზომის ავტობუსების შემოყვანა იგეგმება, ხოლო ამ ზომის ავტობუსები მხოლოდ დიზელის საწვავზე მუშაობს.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა ასევე თბილისის მერიის მიერ დედაქალაქში მიწისქვეშა პარკინგების მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ბიზნესი ამ წინადადებით მისი არარენტაბელობის გამო არ დაინტერესდა. საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ამის საპასუხოდ განაცხადეს, რომ თბილისის მერია აღნიშნულ შეთავაზებას კიდევ უფრო დახვეწავს და ბიზნესისთვის უფრო მიმზიდველ შეთავაზებას გააკეთებს.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ხმაურთან დაკავშირებულ საჯარიმო ქვითრების გამოწერაზე კონტროლს ზედამხედველობის საქალაქო სამსახური განახორციელებს.
აღნიშნული საკითხი მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა წარმოადგინა. ცვლილების მიხედვით, 1 ივლისიდან ხმაურის ნორმების გადაჭარბების და ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენების შესახებ რეგულაციები და კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტროდან მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ფუნქციებში გადადის.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთებზე ზონალური ცვლილებების განხორციელების საკითხებს.
დღესვე ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილეს მოუსმინეს, რომელმაც კონკრეტულ მისამართებზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებასა და გაცვლის ფორმით პრივატიზების თანხმობის გაცემის შესახებ საკითხები წარმოადგინა.