თბილისის საკრებულოში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცეს. მათ შორის, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის სანებართვო პირობის დამატების საკითხზე იმსჯელეს, რომლის თანახმადაც, აღნიშნული სახის ტრანსპორტის გაჩერება მხოლოდ მათთვის სპეციალურად მოწყობილ მოსაცდელებთან იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა დედაქალაქის მერის მოადგილედ სოფიო ხუნწარიას დანიშვნას დაუჭირეს მხარი.
დღესვე საკრებულოს წევრებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის პირდაპირი განკარგვის ფორმით, სარგებლობის უფლებით, იჯარით, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს. აღნიშნულ საკითხებს სხდომაზე დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებაში შესატან ცვლილებებსაც დაუჭირეს მხარი, რომლის თანახმადაც, შესაძლებელი ხდება, რომ საბჭოს, საკრებულოს თავმჯდომარის ნაცვლად, მისმა მოადგილემ უხელმძღვანელოს.