თბილისის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვახტანგ ლომჯარია დაამტკიცეს.
საკრებულოს წევრებმა სულ 30 საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხაში ცვლილებები შეიტანეს და თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი დაამტკიცეს.
დეპუტატებმა ასევე, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს 2019 წლის დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს.
ცვლილებები შევიდა საკრებულოს 2016 წლის დადგენილებაშიც, რომელიც თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენას ეხება.
ამასთანავე, დეპუტატებმა თბილისში მუნიციპალიტეტის რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების მარშრუტების დამტკიცების თაობაზეც იმსჯელეს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას, ასევე იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემას და შესაბამის დადგენილებებში ცვლილებების განხორციელებას დაუჭირეს მხარი.
გარდა ამისა, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა რამდენიმე მისამართზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები დაამტკიცეს.