თბილისის საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 14 საკითხზე იმსჯელეს. სხდომაზე საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, თანხმობა მიეცა მეწარმეთათვის მიწის ნაკვეთების იჯარის ფორმით გადაცემას, ასევე ადგილ-მონაცვლეობასა და რამდენიმე მისამართზე ზონალურ ცვლილებებს.
დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს ტაბახმელაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტისა და დაბა კოჯორში მდებარე მიწის ნაკვეთებზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის დამტკიცებას.
დღესვე, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა მიწის ნაკვეთის, პირდაპირი განკარგვის წესით, პრივატიზებით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიისთვის გადაცემას დაუჭირეს მხარი. საქართველოს საპატრიარქოს მიწის ნაკვეთი შემდგომში ეკლესიის მშენებლობის მიზნით გადაეცემა.
დეპუტატებმა ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ,,თბილისი“ ჩატარებისათვის განსახორციელებელ ცვლილებებსაც დაუჭირეს მხარი.
საკრებულოს სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.