თბილისის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ გააცნო.
საკრებულოს წევრებმა თბილისის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის „თბილისის ავტობუსების პროექტთან“ დაკავშირებით 280 ათასი ევროს ოდენობის საგრანტო ხელშეკრულების საკითხი განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, წარმოდგენილი გრანტი „კორპორატიული განვითარების და დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობას პროგრამისთვისაა’’ განსაზღვრული.
ასევე თანხმობა მიეცა ფონიჭალის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე თბილისის მთავრობის განკარგულებაში წარმოდგენილ ცვლილებებს და სამშენებლო წესების დარღვევისთვის წესების გამკაცრების შესახებ თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის პროექტს.
სხდომაზე თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დადგენილების პროექტში წარმოდგენილი ცვლილების შესახებ ისაუბრა, რომლის შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ „სითი პარკის“ ფუნქციებს შ.პ.ს. სატრანსპორტო კომპანია გადაიბარებს.
დღესვე დეპუტატებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების, ასევე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზეც იმსჯელეს.
სხდომაზე ასევე დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთებზე ერთბინიანი, მრავალბინიანი და მრავალფუნქციური კომპლექსების, ასევე გამაჯანსაღებელი ცენტრების და სარეკრეაციო სივრცე/პარკის განაშენიანების რეგულირების გეგმისა და გეგმარებითი დავალებების პროექტები განიხილეს, რომელთაგან ნაწილს დადებითი რეკომენდაცია მისცეს, ნაწილი კი შემდგომი შესწავლის მიზნით გადადეს.
სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის ლიკვიდაციის შესახებ განკარგულებასაც.
გარდა ამისა, საკრებულოს წევრებმა თბილისის რაიონებში მდებარე რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის, ჩიხისთვის, ასევე გასასვლელისა და შესახვევისთვის სახელების მინიჭების გადაწყვეტილებას დაუჭირეს მხარი.
საკითხი დეპუტატებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა წარმოუდგინა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.