თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა, რომელზეც დეპუტატები 2020 წლის დედაქალაქის ბიუჯეტს განიხილავდნენ, ხმაურის ფონზე წარიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის დაკავების გამო პროტესტი გამოთქვეს და კოლეგებს სოლიდარობისკენ მოუწოდეს, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა. განცხადებების შემდეგ, უმცირესობის წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა განაგრძეს. თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 20 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2019 წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 92 368.5 ათასი ლარით მეტია.
გაიოზ თალაკვაძემ ყურადღება ბიუჯეტით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე გაამახვილა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენის, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, ასევე კულტურისა და სპორტის მიმართულებებით დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თბილისის საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, შესაბამისი რეკომენდაციებით, მერიას გადაეგზავნება, რის შემდეგაც ბიუჯეტის პროექტის ჩასწორებულ ვარიანტს დედაქალაქის მერია საკრებულოს 10 დეკემბრამდე დაუბრუნებს.
დღესვე საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლევან ჯღარკავას კანდიდატურაზე იმსჯელეს და მის დანიშვნას მხარი დაუჭირეს.
გარდა ამისა, საკრებულოს წევრებმა ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში წარმოდგენილი ცვლილებები განიხილეს, ხოლო გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა დეპუტატებს „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტისათვის“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის საგრანტო ხელშეკრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა თბილისში სხვადასხვა რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას და ამასთანავე, რამდენიმე ათეული ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის მინიმალურ ფასად გადაცემას დაუჭირეს მხარი.
დღესვე, დეპუტატებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები განიხილეს და წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცეს.
სხდომას, საკრებულოს წევრებთან ერთად, დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.