თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებების თანახმად, თბილისის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება და ეს თანხა, მიზნობრივად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები საკრებულოს წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გზების სარეაბილიტაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში 10 მილიონი ლარი აისახება.
გაიოზ თალაკვაძის თქმით, შემოსავლების ზრდისა და მოძიებული რესურსების გათვალისწინებით, ასიგნებები სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე გადანაწილდა.
სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილებების განხილვას დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა.
ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, საბიუჯეტო თანხები პროექტებზე არამიზნობრივად გადანაწილდა. საუბარი როგორც მერიის სარეზერვო ფონდში გადარიცხულ ნახევარ მილიონ ლარს, ასევე მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასების გაზრდის პრობლემასაც შეეხო. ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, სარეზერვო ფონდის გაზრდის მაგივრად, მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასების ზრდა აჯობებდა.
ოპოზიციის განცხადებებს საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ეს კრიტიკა მისთვის გაუგებარია.
„არ არის სწორი, როდესაც ამბობთ, რომ მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასების გასაზრდელად ნახევარი მილიონი ლარი საკმარისია. ამისათვის სატრანსპორტო კომპანიას დაახლოებით 18 მილიონი სჭირდებოდა. ამიტომ მოგიწოდებთ, უფრო კვალიფიციურად და სერიოზულად მიუდგეთ ამ საკითხს“, - მიმართა ოპოზიციას რევაზ სოხაძემ.
საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებს თაობაზე განმარტება საკრებულოს თავმჯდომარემ გააკეთა.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან თბილისის მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის მიზნობრივი ტრანსფერი მიიღო და დღეს თბილისის ბიუჯეტში ამ გადაწყვეტილების ასახვა მოხდა.
„მოგეხსენებათ, საკრებულოს წინა სხდომაზე ქალაქის მასშტაბით შვიდი ახალი ავტობუსის ხაზი დავამატეთ. შესაბამისად, საჭირო გახდა ბიუჯეტში იმ სუბსიდიების ასახვა, რომელიც უფასო მგზავრობასთან დაკავშირებით არის საჭირო. ამდენად, ეს არის ჩვენს ქალაქზე ორიენტირებული გადანაწილებები. დედაქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოების საწარმოებლად დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის ბიუჯეტის 10 მილიონი ლარით გაზრდას მხარი საკრებულოს უმრავლესობამ, 29 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, ერთხმად დაუჭირა.