თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა პატივი დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას მიაგეს.
წუთიერი დუმილის შემდეგ, დეპუტატებმა სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს და კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატ თემურ გორგაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერეს. ეს საკითხი საკრებულოს წევრებმა ცნობის სახით მიიღეს.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა „მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ დაფუძნების შესახებაც იმსჯელეს. აღნიშნული საკითხი დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ წარუდგინა. როგორც მან განაცხადა, ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების გაერთიანების შედეგად შეიქმნება ახალი ააიპი. მისივე თქმით, მაისამდე ბიბლიოთეკების ექსპერტიზა ჩატარდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, რამდენი ბიბლიოთეკა დარჩება თბილისში. სოფიო ხუნწარიამ ოპოზიციის და უმრავლესობის შეკითხვებსაც უპასუხა.
დღევანდელ სხდომაზე „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესიც დაამტკიცეს. დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს ასევე მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის, ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის და ავტომატიზირებული მგზავრობის საფასურის შეგროვების სისტემის შემუშავებისთვის გრანტის ხელშეკრულების გაფორმებას.
თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საკითხი იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ეს რედაქციული ხასიათის ცვლილებაა. კერძოდ, არქიტექტურის სამსახურის გარკვეული ფუნქციები ურბანული განვითარების სამსახურში გადავიდა. საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხსაც მხარი დაუჭირეს.
დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს ასევე თბილისში მდებარე რამდენიმე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხს და რამდენიმე უსახელო ქუჩისა და ჩიხისთვის სახელის მინიჭების საკითხს.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სულ 25 საკითხი განიხილეს.