თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა განცხადებებით გაიხსნა. დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სატრანსპორტო რეფორმის შესახებ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უმრავლესობის წარმომადგენლებმა უპასუხეს და ოპოზიცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულეს. უმცირესობის წარმომადგენლების განცხადებით დედაქალაქში ტაქსების რეფორმა ჩავარდა, მუნიციპალური ტრანსპორტი კი მოსახლეობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით კი, რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა კი ეტაპობრივად იზრდება. აღნიშნული განცხადებების შემდეგ, ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა. უმრავლესობის წევრებმა კი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, რომლებიც დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ გააცნო.
დღევანდელ სხდომაზე რიგი ობიექტებისთვის დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ განკარგულების პროექტი დაამტკიცეს, რომელიც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა. საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დაუმთავრებელ მშენებლობებს მსგავსი სტატუსი ენიჭება. განკარგულების მიხედვით, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაუსრულებელ პროექტებს დეველოპერული კომპანია „M 2“ გადაიბარებს და 1378 დაზარალებული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება.
დღესვე დეპუტატებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმებას და სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემას დაუჭირეს მხარი.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე, რამდენიმე ათეულ ოჯახს, რომელიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობდა, საცხოვრებლები 1 ლარად დაუკანონდება. გარდა ამისა, საკრებულოს წევრებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
სხდომაზე „თბილსერვის“ ჯგუფის ხელმძღვანელს ლევან ჯღარკავასაც მოუსმინეს, რომელმაც დეპუტატებს თბილისში, დასახლებულ ტერიტორიაზე მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის და მათი განკარგვის წესის შესახებ საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარუდგინა.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ კი თბილისის სხვადასხვა რაიონებში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხები წარადგინა. როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, თბილისის რამდენიმე ქუჩას ცნობილი მეცნიერების სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების, მწერლისა და დრამატურგის თამაზ ჭილაძის, ცნობილი ექიმების, აკადემიკოსების ეთერ ბოცვაძის, ირაკლი ციციშვილის და მარიამ გრიგალაშვილის სახელები მიენიჭა. მისივე თქმით, კრწანისის რაიონში, ერთ-ერთ ქუჩას აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ძმების, ვახტანგ და ამირან კაპანაძეების სახელი დაერქმევა, გლდანის რაიონში, ე.წ. ავჭალის ხიდს კი გმირ ქართველ არტილერისტთა სახელი მიენიჭება.გარდა ამისა, საბურთალოს რაიონში მდებარე უსახელო ქუჩას მსახიობისა და მომღერლის გიო ხუციშვილის სახელი დაერქმევა. ამავე რაიონში ზურგოვანის საცხოვრებელ კომპლექსს ქართულ-ამერიკული უბნის სახელი ეწოდება, ხოლო ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სკვერს სიცოცხლის სახელი მიენიჭება. სამგორში მდებარე უსახელო სპორტულ მოედანს კი ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის ვახტანგ ფანგანის სახელი ეწოდება.