თბილისში მცხოვრებ რამდენიმე ათეულ ოჯახს დედაქალაქის საკრებულომ დღეს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დაუკანონა. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის თანახმადაც, 9 აპრილს დაზარალებულები და დაღუპულთა ოჯახის წევრები, მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი დამხმარეები, ასევე მათი გამცილებლები უფასოდ იმგზავრებენ. ამასთანავე შეღავათიანი, 20 თეთრიანი ტარიფით, ,,კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლის“, ,,თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებისა“ და ,,თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის“ თანამშრომლები ისარგებლებენ.
დღესვე დეპუტატებმა ასევე რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტები და დავალებები დაამტკიცეს და რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემას მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, დედაქალაქის საკრებულოს შესაბამის განკარგულებაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, აღნაგობის პირობების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან შპს „კასს პარკინგი“ გათავისუფლდა.
გარდა ამისა, სხდომაზე ამხანაგობა ,,კრწანისი21’’-ს მიმართ გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე იმსჯელეს. კერძოდ კი, მათ მიერ აგებული შენობის ნაწილის იპოთეკისგან გათავისუფლებას მხარი იმ პირობით დაუჭირეს, რომ აღნიშნული ქონების განკარგვიდან შემოსული თანხა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებისკენ იქნება მიმართული.
სხდომაზე თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივაც განიხილეს, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების შვილებისთვის, სხვა უპირატეს ჯგუფებთან ერთად, პირველ ეტაპზე თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციას ითვალისწინებს.
დღესვე დეპუტატებმა “თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში ცვლილებების პროექტი განიხილეს და თბილისის სხვადასხვა რაიონებში ქუჩების, ხიდების, ჩიხებისა და ერთი სკვერისთვის სახელების მინიჭებას მხარი დაუჭირეს.