თბილისის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დეპუტატებს წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ წარუდგინა.
საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ტერიტორიაზე მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობისა და ოპერირების მიზნით უძრავი ქონების პრივატიზების თაობაზე ინტერესთა გამოხატვის პირობების მოწონების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტებს დაუჭირეს მხარი.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განმარტა, წარმოდგენილი საკითხი შინაარსობრივ ცვლილებას გულისხმობს.
კერძოდ კი, დაინტერესებულ ინვესტორს აღნიშნული ტერიტორიები სიმბოლურად, 1 ლარად კერძო საკუთრებაში გადაეცემა.
,,ეს გახლავთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის შესაბამისად, დედაქალაქს მალე სამი მიწისქვეშა ავტოპარკინგი შეემატება’’,-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
ასევე დადებითად შეფასდა საკითხი თბილისში დიდი დიღმის დასახლების მე-4 მ/რ -ის N25-ე კორპუსის მიმდებარედ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ორ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის თაობაზეც.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის ნინო კვენეტაძის ინფორმაციით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირს განაშენიანების მიზნით გადაეცემა, რომელიც შემდგომ მუნიციპალიტეტს 3580 კვადრატულ მეტრს კოოპერატიული ბინათმშენებლობებისთვის გადმოსცემს.
,,მსგავსი გადაწყვეტილებებით, რომლებსაც ათეულობით ადამიანი ელოდება, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ პირთა საკომპენსაციოდ შესაბამისი ღონისძიებების გატარება გრძელდება,’’,-აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს წევრების თანხმობით, ცვლილებები განხორციელდა თბილისი მერიასა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ საგრანტო ხელშეკრულებაში და ასევე თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამის განხორციელების წესშიც.
დეპუტატებმა მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, მათ შორის, სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისთვის დოკუმენტების ფორმირების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს.
დღესვე დეპუტატების გადაწყვეტილებით, თანხმობა მიეცა თბილისში არსებული რამდენიმე მიწის ნაკვეთის სარგებლობისა და გაცვლის უფლებით იჯარის, ასევე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებსაც.
საკრებულოს სხდომას თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.