თბილისის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა.სხდომაზე თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სახელის შეცვლის შესახებ იმსჯელეს.
აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დეპუტატებს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა წარუდგინა.
საკრებულოს წევრების თანხმობით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დედაქალაქის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ეწოდა, რამაც საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში რამდენიმე ტექნიკური ცვლილება გამოიწვია.
დღესვე დეპუტატებმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, მერაბ მამულაშვილის მიერ წარდგენილ საკითხს დაუჭირეს მხარი, რომელიც ავტობუსის მარშრუტის- კიკეთი-ბეთანიის (M3 კატეგორია) აღდგენას ითვალისწინებს.
წარმოდგენილი საკითხის თანახმად, აღნიშნული მარშრუტის მოძრაობის განახლება შესაძლებელი წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთის აღდგენის შემდეგ გახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, მარშრუტს N5 ახალი ნომერი-81 მიენიჭა და ის მგზავრებს ახლა უკვე წყნეთში, თამარ მეფისა და მაია წყნეთელის ქუჩებიდან მ/ს ,,დელისამდე“ გადაიყვანს.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები განიხილეს და ამასთანავე, სხვადასხვა ტერიტორიებზე ზონების ცვლილებების საკითხებზე იმსჯელეს.
კერძოდ, დეპუტატებმა თბილისში ვაკის რაიონში, ასევე სოფელ თხინვალასა და სოფელ აგარაკის დასავლეთით არსებულ მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას დაუჭირეს მხარი.