თბილისის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა.
სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს და ამ მიმართულებით განსახორციელებელ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.
დეპუტატებმა ასევე გლდანის რაიონის გამგებელს მოუსმინეს, რომელმაც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელების და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის შესახებ დადგენილებაში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა.
როგორც ბექა მიქაუტაძემ განმარტა, წარმოდგენილი ცვლილებები რამდენიმე ხარვეზის გამოსწორებას უკავშირდება.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა დედაქალაქის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაშიც.
საკრებულოს წევრებმა დღესვე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ირაკლი თავართქილაძეს მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, დეპუტატებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას, სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემას დაუჭირეს მხარი.საკრებულოს წევრებმა სხდომაზე ასევე საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობის საპრივატიზებო საფასურით უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონით პრივატიზების თაობაზე იმსჯელეს და საკითხი დადებითად შეაფასეს.
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2018 წლის 6 თვის მუშაობის ანგარიში სხდომაზე ამავე კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ წარმოადგინა და აღნიშნულ პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა.
დღესვე, დეპუტატების თანხმობით, თბილისის სხვადასხვა რაიონებში მდებარე უსახელო ქუჩებს, გასასვლელებს, ასევე ჩიხებსა და სკვერებს ახალი სახელები დაერქვათ.
აღნიშნული საკითხი სხდომაზე სახელდებისა და სიმბოლიკის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა წარმოადგინა.
საკრებულოს სხდომას დედაქალაქის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ