თბილისის საკრებულოს სხდომაზე დღეს დეპუტატებმა დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს. კერძოდ, თბილისის საკრებულომ მერიას EBRD-იდან 15 მილიონი ევროს სესხის მიღებაზე თანხმობა მისცა. ეს თანხა „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის განახლებას მოხმარდება. 9 მილიონი 63 ერთეული ნაგავშემკრები და 7 მექანიკური დამგველი მანქანის შეძენისთვის დაიხარჯება. 1,300 მილიონი ევრო ნაგვის დასახარისხებელი სპეციალური სადგურის, 4 მილიონი კი წყლის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციას მოხმარდება.
გარდა ამისა, საკრებულოს სხდომაზე, მერიისთვის 62 800 მლნ ლარის ოდენობის სესხის აღების თაობაზე იმსჯელეს. დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სპეცტრანფერის მიღებამდე დაიწყება.
დღესვე დეპუტატებმა ,,აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის წესში“ ცვლილება შეიტანეს. ცვლილების თანახმად, თვეში დასაფინანსებელ ბენეფიციართა რაოდენობა 850-დან 1000 ბენეფიციარამდე იზრდება.
აღნიშნული საკითხები, საკრებულოს წევრებს თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა წარუდგინეს.
გარდა ამისა, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა მიმდინარე საკითხებიც განიხილეს. მათ შორის თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით უძრავი ქონების პრივატიზების თაობაზე ინტერესთა გამოხატვის პირობებზე იმსჯელეს და საკითხს მხარი დაუჭირეს.
სხდომის დასასრულს კი, საკრებულოს წევრებს სარევიზიო კომისიის 2018 წლის მუშაობის ანგარიში სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ წარმოუდგინა.