თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს. აღნიშნული ცვლილებები დეპუტატებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
ცვლილებების თანახმად, თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის მოცულობა 62 820,0 ათასი ლარით იზრდება და 1 063 101,8 ათასი ლარით განისაზღვრება.
ცვლილებები, ძირითადად, სესხის სახით მოზიდული სახსრების ბიუჯეტში ასახვით ხორციელდება, რაზეც თბილისის მთავრობას თანხმობა დედაქალაქის საკრებულოს შესაბამისი განკარგულებით აქვს მიღებული.
გაიოზ თალაკვაძის განმარტებით, სესხის აღების მიზნით, კომერციულ ბანკებში გაიხსნება საკრედიტო ხაზი, რომლის აუცილებლობაც თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში კაპიტალური ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებითაა განპირობებული.
წარმოდგენილი ცვლილებებით, დედაქალაქის მერიას ისეთი მასშტაბური პროექტების დროულად განხორციელების შესაძლებლობა ეძლევა, როგორებიცაა: თბილისის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები და კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია.
ასევე, გათვალისწინებულია თბილისის მერიის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და რაიონული გამგეობების დამატებითი მოთხოვნების შესახებ წინადადებები, რაც მიმდინარე პერიოდში ჩატარებული ტენდერებიდან მიღებული ეკონომიებისა და სხვადასხვა პროგრამებში ღონისძიებების ღირებულების დაზუსტებით გამოთავისუფლებული თანხების ხარჯზე ხორციელდება.
ბიუჯეტის ზრდისა და მოძიებული ეკონომიების გათვალისწინებით, 68 324,6 ათასი ლარი სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე გადანაწილდა, მათ შორისაა:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და კეთილმოწყობის, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები.
გარდა ამისა, იზრდება თბილისში შემომყვანი ტურიზმის მხარდაჭერის პროგრამის და დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის დაფინანსება და ამასთანავე, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარებაც.
დღესვე დეპუტატებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს მოუსმინეს და თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით უზურფრუქტის უფლებით გადაცემასა და პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას დაუჭირეს მხარი.
მათ შორის, თბილისში რამდენიმე რაიონში საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის პირდაპირი განკარგვით პრივატიზებაზე იმსჯელეს და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტროსატრანსპორტო საშუალებების დამტენების განთავსების მიზნით, უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით ელექტრონული აუქციონის წესით გადაცემა დადებითად შეაფასეს.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების პროექტებიც დაამტკიცეს.