თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა.
სხდომაზე დეპუტატებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ იმსჯელეს და ამასთანავე, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა „მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატან ტექნიკურ ცვლილებებს მისცეს თანხმობა.
დეპუტატების თანხმობით, ძალადაკარგულად გამოცხადდა თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2015 წლის 17 თებერვლის N 3-9 დადგენილება.
როგორც საკითხის წარდგენისას პროგრამის ხელმძღვანელმა გიგა სოფრომაძემ აღნიშნა, საბჭოს ახალი წევრებით თბილისის მოქმედი მერი დააკომპლექტებს.
რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსს სერგო ბირკაძეს მოუსმინეს, რომელმაც საკრებულოს 2015 წლის 25 მარტის დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე ისაუბრა.
კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებით, შეღავათიანი სამგზავრო ბარათებით უკანონოდ სარგებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ბარათი 6 თვით დაიბლოკება.
როგორც სერგო ბირკაძემ აღნიშნა, შეღავათიანი სამგზავრო ბარათების არაუფლებამოსილი პირების მიერ სარგებლობა როგორც დედაქალაქის ბიუჯეტს, ასევე სატრანსპორტო კომპანიას მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს აყენებს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა თბილისში რამდენიმე უძრავ ქონებაზე ზონალურ ცვლილებებიც განიხილეს, რომელთაგან ზოგს დადებითი რეკომენდაცია მიეცა, ზოგი კი დამატებითი შესწავლის მიზნით მომდევნო სხდომისთვის გადაიდო.
სხდომაზე დეპუტატებმა ასევე დედაქალაქის ორ რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას დაუჭირეს მხარი.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომას დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.