თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტის, შენიშვნებით, მერისთვის დაბრუნების თაობაზე იმსჯელეს.
სხდომას მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გაიოზ თალაკვაძე ესწრებოდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ მერია საკრებულოს რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზრდება.
საკრებულოს რეკომენდაციების და რჩევების შესახებ სხდომაზე განცხადება ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ გააკეთა. მისი თქმით, დედაქალაქის პირველადი ბიუჯეტი კანონის შესაბამისად საკრებულოში 15 ნოემბერს შევიდა. ფინანსური დოკუმენტის მთლიანი მოცულობა 871 მილიონ 631 510 ლარია, რაც 2018 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 10 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტებია -სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და აღდგენა, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება. კვლავ პრიორიტეტულია ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, ასევე ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ყველა პრიორიტეტული პროგრამა. იზრდება საბავშვო ბაღების დაფინანსება და თბილისს 10 ახალი ბაღი შეემატება.
ირაკლი ზარქუამ ისაუბრა იმ რეკომენდაციების შესახებაც, რომლებიც საკრებულოში კომისიურ ფორმატში მიმდინარე განხილვების დროს შემუშავდა და თბილისის მერიას გაეგზავნება.
„ძირითადად, ყველა კომისიის რეკომენდაციები ერთმანეთს ემთხვევა. ეს არის ინფრასტრუქტურის მიმართულება, რაც გულისხმობს იმას, რომ დედაქალაქის ყველა რაიონში თანაბრად იყოს გადანაწილებული თანხები ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ასევე უფასო სასადილოების დაფინანსების გაზრდის რეკომენდაცია. რამდენიმე კომისიის რეკომენდაციაა, რომ საბავშვო ბაღების პედაგოგებს გაეზარდოთ ხელფასები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის პირველადი ბიუჯეტი, რომლის მნიშვნელოვან გაზრდასაც ველოდებით,“ - დასძინა ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ.
საკრებულოს წევრებმა განსახილველ საკითხს მხარი დაუჭირეს. წარმომადგენლობითი ორგანოს რეკომენდაციების განხილვისა და ბიუჯეტის უკან დაბრუნებისთვის მერიას ვადა 10 დეკემბრამდე აქვს.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომა დატოვეს და განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ.