თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა დამტკიცდა. საკითხი საკრებულოს წევრებს ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, პროგრამით გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის ორი ძვირადღირებული მედიკამენტის შეძენა დაფინანსდება. გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, რომ თბილისში ახალი პროგრამით დაახლოებით 180 პაციენტი ისარგებლებს. საკითხს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს უმნიშვნელოვანესი პროგრამაა, რომელიც არაერთი ბენეფიციარის მდგომარეობას შეამსუბუქებს.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა არასამეწარმეო იურიდიული პირის „სოციალური მზრუნველობის სააგენტოს“ დაფუძნებას დაუჭირეს მხარი. როგორც ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა განმარტა, სააგენტო „ბავშვთა უფლებების კოდექსის“ გათვალისწინებით იქმნება და მისი ფუნქციები სწორედ ამ კოდექსით არის განსაზღვრული.
თბილისის საკრებულოს წევრებმა „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ პროექტი დაამტკიცეს, რომელიც სხდომაზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა წარადგინა. 2019 წელს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებით, საშენი მასალების ქაოტურ განლაგებასა და შეუფუთავი მასალის ტრანსპორტირებაზე სანქციები ამოქმედდა. ახალი წელი კი საცხოვრებელ და რეკრეაციულ ზონებში ჩამოთვლილი მასალის რეალიზებას კრძალავს. მსგავსი მასალის განთავსება-რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ სპეციალურად დადგენილ ზონებში და ისეთ შენობა-ნაგებობაში, სადაც დაცული იქნება საფრთხის შემცველი ნივთიერებების შენახვისა და რეალიზაციის პირობები და უსაფრთხოების ნორმები.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ საკრებულოს წევრებს ტექნიკური ხასიათის ცვლილებების პროექტი გააცნო, რომლებიც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის სსიპ-ად გარდაქმნას უკავშირდება. შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ტარიფის ანაზღაურების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილები გააცნო.
დღევანდელ სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ თბილისის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები წარადგინა.
საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასა და განაშენიანების რეგულირების წესებში ცვლილებები დაამტკიცეს, რომელიც ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი ებანოიძემ წარადგინა.