თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა განცხადებებით გაიხსნა. ოპოზიციის წევრებმა მერიის მიერ საახალწლო განათებების და ნაძვის ხის შეძენის ხარჯებთან დაკავშირებით, ასევე ტენდერების თემაზე ისაუბრეს, რის შემდეგაც მათ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს. ოპოზიციის განცხადებებს უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს. მათი ინფორმაციით, ბრალდებები უსაფუძვლოა და ოპოზიცია კვლავ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს. რაც შეეხება ტენდერებს, უმრავლესობის განცხადებით, ეს ღია და გამჭვირვალე პროცესია და ამის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია.
განცხადებების შემდეგ, საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. დეპუტატებმა მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს. გაიოზ თალაკვაძის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ფინანსთა სამინისტრომ დედაქალაქს ტრანსფერის სახით 100 მილიონი ლარი გამოუყო, საიდანაც 75 მილიონი ლარი საკრედიტო ხაზის დაფარვას მოხმარდება, ხოლო დარჩენილი 25 მილიონ 180 000 ლარი კი სხვადასხვა პროგრამაზე გადანაწილდება.
დეპუტატებმა სხდომაზე რამდენიმე საქალაქო სამსახურის დებულებებსა და მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხაში განსახორციელებელ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მერაბ მამულაშვილმა საკრებულოს სხდომაზე ავტობუსების მოძრაობის მარშრუტებში ცვლილებები წარადგინა, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ კი საკრებულოს წევრებს ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის და ვადების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები გააცნო.
გარდა ამისა, დეპუტატებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმებას და სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემას დაუჭირეს მხარი. როგორც სხდომაზე აღინიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე, რამდენიმე ოჯახს, რომელიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობდა, საცხოვრებლები 1 ლარად დაუკანონდება.
დღესვე, დეპუტატებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები განიხილეს და წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.