თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს. ამ ცვლილებებით, თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, ფინანსთა სამინისტროდან გამოყოფილი ტრანსფერით, 20 მილიონი ლარით იზრდება. საკითხი საკრებულოს სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისივე თქმით, ეს თანხა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დაიხარჯება.
ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც განიხილეს და საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარ წევრად ლევან ჯაფარიძის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირეს. ხმის მიცემა ფარული კენჭისყრით ჩატარდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ლევან ჯაფარიძეს წარმომადგენლობითი ორგანოს წევრად არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კი საკრებულოს სხდომაზე „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესში ცვლილების პროექტი წარადგინა. როგორც ცნობილია, ეს წესი 2021 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა პანდემიიდან გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, სრულად ამოქმედების ვადა 2022 წლის პირველ იანვრამდე გადაიდო.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესში ცვლილებას მხარი დაუჭირეს. ასევე თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესში ცვლილებები მიიღეს, რომელიც ტროტუარების და გზების პარამეტრების განსაზღვრას ითვალისწინებს.
საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი შეკამათება მოჰყვა დამოუკიდებელი დეპუტატის ვახტანგ შაქარიშვილის და ფრაქცია „თბილისის“ წევრების ჯაბა ჯიშკარიანის და ვაჟა ოთარაშვილის განცხადებებს, რომლებმაც დედაქალაქის რამდენიმე უბანში მრავალფუნქციური კომპლექსების განაშენიანებისთვის საკრებულოს თანხმობა გააპროტესტეს. მათ განცხადებებს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ უპასუხა და არაკომპეტენტური უწოდა.
საკრებულოს სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინა.