თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2017 წლის ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცეს. ცვლილებები დედაქალაქის საკრებულოს წევრებს თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა. მისი თქმით, 2017 წლის ბიუჯეტის კორექტირება მიმდინარე ხარჯების ეკონომიებისა და სხვა შემოსავლების მატების, ასევე იმ 14 მილიონიანი ტრანსფერის გამო გახდა აუცილებელი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ დედაქალაქს უშუალოდ სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის გამოუყო.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ცვლილებების შედეგად, თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობა 24 307,6 ათასი ლარით იზრდება და ჯამში 843 134, 5 ათას ლარს შეადგენს. გაზრდილი ბიუჯეტი საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციას და მეტროს ორი ახალი შემადგენლობის დამატებას მოხმარდება. ასევე დამატებითი თანხები გამოიყოფა დასუფთავების ღონისძიებების გატარებისთვისაც.
დღევანდელ სხდომაზე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, ჯიხურების განთავსების მიზნით, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლების ვადის 3 თვით გაგრძელებაზე იმსჯელეს. როგორც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა, აღნიშნულ ვადაში როგორც არქიტექტურული, ასევე სატრანსპორტო მიმართულებით, ახალი კონცეფცია და ხედვები შემუშავდება. ხოლო იჯარის ღირებულების გათვალისწინებით აუქციონები დამატებით ახალ ადგილებზეც გამოცხადდება.
დღესვე დეპუტატების გადაწყვეტილებით, 2015 წლის, 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის მოქმედების ვადა 2019 წლამდე გაგრძელდა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზეც იმსჯელეს. თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამები ორი კომპონენტით იზრდება. კერძოდ, დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესს, მომავალი წლიდან, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის საპილოტე პროგრამა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის მომსახურების კომპონენტი დაემატება.
დღესვე დეპუტატებმა ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ ’’საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანას თანხმობა მისცეს.
წლის ბოლო სხდომაზე საკრებულოს წევრებმა თბილისის მერიასა და ევროკავშირს შორის საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას მხარი დაუჭირეს. „საგრანტო ხელშეკრულება ევროკავშირის გარე მოქმედებები“ 4 წლიანია და იგი ბიზნეს აქსელერატორის შესაქმნელადაა განკუთვნილი. როგორც სხდომაზე განაცხადეს, ეს იქნება ადგილი, სადაც თბილისში რეგისტრირებული მცირე და საშუალო საწარმოები შეიკრიბებიან, იმუშავებენ და მუნიციპალური პროგრამებით ისარგებლებენ. აღნიშნული გრანტით მუნიციპალური ბიუჯეტი, დაახლოებით, მილიონ ნახევარი ლარით გაიზრდება.