თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან(აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საკითხი დაამტკიცეს, რომელიც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, 2014 წლის დადგენილებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რომლითაც 3 დანართია განსაზღვრული. ეს დანართები იმ ტერიტორიებს ეხება, სადაც დაშვებულია ან აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. ცვლილებები საარჩევნო კოდექსის შესაბამისად მომზადდა.
საკრებულოს სხდომაზე თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-81 დადგენილებაში ცვლილებები დაამტკიცეს. საკითხი სსიპ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო მგზავრობის უფლება მიეცემათ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორებსა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებს (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სოციალური მზრუნველობის სააგენტოს“ თანამშრომლებს.
საკრებულოს დეპუტატებმა თბილისში რესპუბლიკურ თვალის კლინიკასა და კრწანისის II ჩიხს შორის არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისათვის ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განკარგულების პროექტი დაამტკიცეს, რომლის თანახმად, აღნიშნული დაუმთავრებელი მშენებლობის შედეგად დაზარალებული 250-მდე ოჯახი ახალი ინვესტორის მიერ დაკმაყოფილდება.
საკრებულოს წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას, ასევე იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემას და შესაბამის დადგენილებებში ცვლილებების განხორციელებას მხარი დაუჭირეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა რამდენიმე მისამართზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები დაამტკიცეს.