დღეს თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 52 საკითხი განიხილეს. სხვა საკითხებთან ერთად, საკრებულოს წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანა და თბილისში სხვადასხვა მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების საკითხები განიხილეს. სხდომა დაწყებისთანავე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს და განაცხადეს, რომ ისინი უმრავლესობის წევრებს თბილისელების კეთილდღეობისთვის მუშაობაში ხელს არ შეუშლიდნენ.
საკრებულოს სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციონერი კოლეგების ქმედებების შესახებ ისაუბრეს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასეს. გარდა ამისა, განმარტებები გაკეთდა „მზიურის“ სიახლოვეს მდებარე მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ. როგორც უმრავლესობის წევრებმა განმარტეს, განაშენიანება არა მზიურის ტერიტორიაზე, არამედ ჭავჭავაძის გამზირზე იგეგმება.
დღესვე დეპუტატებმა თბილისში, სხვადასხვა მისამართებზე, უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზეც იმსჯელეს.
საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტში. ცვლილებების თანახმად, თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის მოცულობა 169,0 ათასი ლარით გაიზარდა და 1 075 270,8 ათას ლარი შეადგინა.
სხდომაზე ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილი პროექტის შესახებაც იმსჯელეს, რომლის შესაბამისად, აუტიზმის ქვეპროგრამის მიხედვით ბენეფიციართა ასაკი 2-იდან 17 წლის ჩათვლით იზრდება. მეორე ცვლილება რეგისტრაციის პროცესს ეხება, რომლის თანახმად, ბენეფიციარებისთვის, რომლებიც საქართველოს მუნიციპალიტეტებში არ იყვნენ რეგისტრირებულები, დედაქალაქში 3 წლის რეგისტრაცია სავალდებულო აღარ იქნება.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების პროექტი წარადგინა. ეს არის 5-წლიანი მართვის გეგმა, რომელიც რამდენიმე ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს, მათ შორის - ნარჩენების სეპარირებას, სტიქიური ნაგავსაყრელების დახურვის მართვის გეგმას, ბიოლოგიური ნარჩენების მართვას და ცნობადობის ამაღლების ღონისძიებებს.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა კი დედაქალაქში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის განსაზღვრის შესახებ დადგენილებაში ცვლილებები წარადგინა, რომელიც ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშულებების, მოპედების და ველოსიპედებისთვის ადგილების გამოყოფას და ფასიანი პარკინგის შემოღების წესს ეხება.
გარდა ამისა, დეპუტატებმა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს თინათინ ნიბლოშვილს მოუსმინეს, რომელმაც განაცხადა, რომ თბილისის ქუჩებს გივი ბერიკაშვილის, ბელა მირიანაშვილის, დოდო ჭიჭინაძის, ლეილა აბაშიძის, გიორგი დანელიას, მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, მარინე თბილელის, ვახტანგ ტაბლიაშვილის, იაკობ ტრიპოლსკის სახელები მიენიჭება. ნაძალადევის რაიონში, გია რომელაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო სპორტულ მოედანს კი აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ლევან შათირიშვილის სახელი დაერქმევა.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა ნინო რუხაძის კანდიდატურისთვის უფლებამოსილების მინიჭების საკითხს დაუჭირეს მხარი. სხდომის დასასრულს კი, კომისიების პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცეს.