თბილისის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 42 საკითხი განიხილეს. საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა, სხდომის დაწყებისას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დავით უჯმაჯურიძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
საკრებულოს სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, საკრებულოს წევრები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ საზოგადოების პროტესტი სრულიად გულწრფელი და ჯანსაღი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ამ ჯანსაღი საპროტესტო მუხტით სარგებლობა დესტრუქციულმა პოლიტიკოსებმა სცადეს. მათივე თქმით, მმართველმა ძალამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო.
განცხადებების შემდეგ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დაიწყეს.
თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი ებანოიძის კანდიდატურა წარადგინა. მერის მოადგილემ ებანოიძის გამოცდილებაზე და კვალიფიკაციაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ცნობილია, ამ სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ტოგონიძე თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა. საკრებულოს წევრებმა წარდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირეს და გიორგი ებანოიძეს წარმატება უსურვეს.
საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს ასევე მერიის დებულებაში ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც, მერიას პერსონალურ მონაცემებზე წვდომა სამართლებრივად ექნება.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა თბილისში M3 კატეგორიის ავტობუსებით და მეტროში მგზავრობისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ დადგენილებაში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.
ტრანსპორტი საქალაქო სამსახურმა სხდომაზე რამდენიმე საკითხი წარადგინა, მათ შორის პარკირების რეგულირების და პარკირების საფასურის დადგენის, საჯარიმო სანქციების ტარიფების, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობის ჯარიმების, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულებაში ცვლილების, რამდენიმე მიმართულებაზე დამატებითი მარშრუტების და ავტობუსების დანიშვნის შესახებ.
სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ საკრებულოს წევრებს ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ხელშეკრულების დადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ცნობილია, 2018 წლის იანვარში თბილისის მთავრობამ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა ვარკეთილში, ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. ტენდერში ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ვარკეთილი დიველოფმენთი“.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთების და უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის დოკუმენტების ფორმირების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.