დღეს თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი განიხილეს. სხდომა განცხადებებით გაიხსნა. სიტყვით როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლები გამოვიდნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ტაქსების რეგულაციებზე მერიის მიერ დღეს გაჟღერებულ ინიციატივას დროული უწოდა.
„ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ სრულიად უფასოდ გადაღებონ მანქანები თეთრ ფერად. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დაიხარჯება. ამას განახორციელებს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია, რომელსაც ექნება ინტერესი, რომ ტაქსებზე განათავსოს საკუთარი რეკლამა. ეს არის კერძო სექტორის და თვითმმართველობის ერთობლივი პროექტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე უახლოეს მომავალში მივიღებთ ამის შედეგებს,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ კახა კალაძის ახალი ინიციატივა მნიშვნელოვანია და ამ საკითხზე ოპოზიციის მხრიდან ყოველგვარი სპეკულაციის საფუძველს სპობს.
„ამაზე კარგი ინიციატივა არ არსებობს. ხარჯებს მთლიანად კერძო სექტორი გაიღებს და მანქანის შეღებვა და მოწესრიგება არც ბიუჯეტს და არც მძღოლს არცერთი თეთრი არ დაუჯდება. ჩვენთვის მთავარი ამოცანა ქალაქში ტრანსპორტის სისტემის მოწესრიგებაა. ტაქსები ამ სისტემის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ვფიქრობ, აღნიშნულ თემაზე სპეკულაციის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დეპუტატებს ქონების მართვის სააგენტოს იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახურის უფროსმა, ნინო კვეტენაძემ და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, გვანცა ნიკოლაიშვილმა წარუდგინეს.
საკრებულოს წევრების თანხმობით, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესში ცვლილებები შევიდა.
კერძოდ, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ექვს ოჯახს, რომელთა სახლები არ დანგრეულა, თუმცა დაზიანდა, ზარალი სულადობის მიხედვით აუნაზღაურდებათ.
დღესვე სხდომაზე ნუცუბიძის ფერდობზე, წყალსადენის მიმდებარედ, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის საცხოვრებელი სახლების აშენების საკითხზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.