დღეს თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წერიგით გათვალისწინებული 58 საკითხი განიხილეს.
სხდომის დასაწყისში განცხადებები გაკეთდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით. ოპოზიციის განცხადებით, გენერალური გეგმაში დეტალებზე არ არის საუბარი და არსებით ინფორმაციას არ იძლევა. მათ დოკუმენტის გვერდების რაოდენობაზე გააკეთეს აქცენტი.
ოპოზიციის განცხადებებს უმრავლესობამ უპასუხა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მათ მოუწოდა გენერალური გეგმის განხილვა პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიყვანონ და არსებით საკითხებზე ისაუბრონ.
„ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმალურად ამომწურავად გავაანალიზოთ დოკუმენტი, რადგან ეს ეხება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ქალაქს და თითოეულ ჩვენთაგანს. ასე რომ, თქვენი ვალდებულებაც არის, საკითხი განიხილოთ არა პოლიტიკურ ჭრილში, არამედ შინაარსობრივად. თქვენ ამ პროცესში ისე მოიქეცით როგორც ყველა საკითხზე იქცევით ხოლმე და ნაცვლად იმისა, რომ შინაარსობრივად გაანალიზოთ დოკუმენტი, დაიწყეთ არასაგნობრივად, აბსოლუტურად სხვა თემების შემოტანა, რომ როგორმე ნეგატივში გადაიყვანოთ პროცესი, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს არ გამოგივათ,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან გენგეგმის პროექტში მნიშვნელოვანი პრობლემები ვერ ნახეს და დოკუმენტისთვის გენგეგმასთან პირდაპირ კავშირში არ მყოფი მცირე თემატიკის მიწებებას ცდილობენ, რათა გენგეგმის ნეგატივიზაცია მოხდეს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს ვახტანგ შაქარიშვილმა, რევაზ სოხაძემ, ირაკლი ზარქუამ, რიმა ბერაძემ და დავით უთმელიძემ.
საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კრწანისის რაიონში, ფონიჭალის დასახლების III მ/რაიონში არსებულ უსახელო პარკს ოკუპაციის მსხვერპლთა სახელი მიენიჭა. აღნიშნული საკითხი დეპუტატებს დასამტკიცებლად, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა წარუდგინა. გარდა ამისა, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას აფხაზეთში გმირულად დაღუპული მებრძოლების სახელები დაერქვა.
დღევანდელ სხდომაზე, ასევე იმსჯელეს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებებზე, რომელიც მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა რუსუდან მირზიკაშვილმა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ წარადგინეს.
საკრებულოს წევრებმა ასევე კენჭი უყარეს თბილისის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებს.
დღესვე, სხდომაზე, მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ დედაქალაქის სხვადასხვა მისამართზე არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ საკითხები წარადგინა.