თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი განიხილეს. სხდომის დასაწყისში საკრებულოს წევრებმა რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული, 175-ე საჯაროს სკოლის მოსწავლის და მშობლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მადლობა გადაუხადა თბილისის მერიას, შესაბამის სამსახურებს და უშუალოდ მერის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს გუშინდელი ძლიერი წვიმის დროს ოპერატიული მუშაობისთვის.
სხდომაზე თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გალაქტიონ ბუაძის კანდიდატურა წარადგინა. საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, სასიხარულოა, რომ ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე გამოცდილი კადრი ინიშნება. მანამდე გალაქტიონ ბუაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე იმყოფებოდა.
დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების პროექტში ცვლილებას, რომელიც ახალი სამმართველოს შექმნას უკავშირდება. აღნიშნულ სამმართველოში 5 განყოფილება იქნება, მათ შორის იქმნება ხმაურზე კონტროლის განყოფილება.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მერაბ მამულაშვილმა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების დადგენილების პროექტი წარადგინა. მისი განცხადებით, ქალაქს თვის ბოლომდე 7 ახალი მარშრუტი და 25 ერთეული ავტობუსი დაემატა. მან დამატებული მარშრუტების მიმართულებებზე და სხვა რამდენიმე მარშრუტში ცვლილებებზე საკრებულოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა.
საკრებულოს წევრებმა ვარკეთილის მე-3 მასივში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი დანიშნულების და ინფრასტრუქტურის მშენებლობის თაობაზე ინტერესთა გამოხატვას დაუჭირეს მხარი. საკითხი ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ წარადგინა, რომელიც ე.წ. „ხრუშოვკების“ ჩანაცვლების გეგმის ფარგლებში განხორციელდება. ირაკლი თავართქილაძის განცხადებით, ამ მიწის ნაკვეთზე აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ბინებით ავარიულ სახლებში მცხოვრებლები დაკმაყოფილდებიან. დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხზე მოსაზრებები გამოთქვეს. კერძოდ, ტექნიკურ მახასიათებლებთან და ინვესტორისთვის დაწესებული მოთხოვნების ნუსხის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტი გააცნო.