თბილისის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 41 საკითხი განიხილეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, სამ ლოკაციაზე მიწისქვეშა ავტოსადგომების მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებას ეხებოდა. სხდომაზე განცხადებები გაკეთდა როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის თქმით, მიწისქვეშა პარკინგზე ოპოზიციის მხრიდან კომისიებზე ზედმეტი კითხვები არ დასმულა, მაშინ როცა რამდენიმე თვის წინ საკრებულოში პუშკინის სკვერის მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის საკითხს მათი მხრიდან ხმაური მოჰყვა.
„ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ცალსახად იყო პოლიტიკური დღის წესრიგი, რადგან საკითხი ეხებოდა თანაინვესტირების ფონდს. დღეს ჩვენ დავრწმუნდით ჩვენი მაშინდელი განცხადებების სიმართლეში,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
„სად არიან „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც თავის დროზე პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის ინვესტორისთვის სიმბოლურ ფასად აპროტესტებდნენ. სად არის მელია კუდაგრძელია?“, - დაინტერესდა ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.
„საინტერესოა, ამ ყველაფერზე „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ არ იღებს ხმას? სად არიან მათი ანგაჟირებული აქტივისტები? სად არიან კოლექტიური ნატა ფერაძეები და ე.წ. „ენჯეოები“, აქ რომ მოგყავდათ და აყვირებდით?“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა.
ამ საკითხზე განცხადებები ოპოზიციის მხრიდანაც გაკეთდა.
"საკრებულოს სხდომაზე ისე გამოვიდა მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობის საკითხი, რომ სატრანსპორტო კომისიის სხდომაც კი არ გაუვლია. ისევ და ისევ ხდება მიწების 1 ლარად გადაცემა, როგორც ეს ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში,“- განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.
„მიწისქვეშა პარკინგის იდეა დაუმუშავებელია, არ არის მისი ეკონომიკური ხერხემალი გათვლილი, მერიას არ დაუხარჯავს ფული და არ მოუფიქრებია, რა უნდა მიიღოს ამ პარგინგებისგან,“- განაცხადა ფრაქცია „ევროპული საქართველო-თბილისის“ წევრმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.
სხდომაზე განცხადებები გაკეთდა ასევე ვარდების მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭების საკითხზე. ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ოპოზიციას მიმართა.
„სიმბოლიკის დევნა „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია. თქვენ დავით აღმაშენებელი გადადგით იმ მოედნიდან, რომელსაც ვარდების სახელი დაარქვით,“- განაცხადა დავითულიანმა.
„პირველი რესპუბლიკის მოედანიც უნდა იყოს, მეორე რესპუბლიკის მოედანიც, ვარდების რევოლუციის მოედანიც. ამ მოვლენების შეჯიბრება იაფფასიანია,“- განაცხადა ფრაქცია „ევროპული საქართველო-თბილისის“ თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სამი თანამშრომლის პასუხისგებაში მიცემაზე ისაუბრა და ამ სამსახურის ხელმძღვანელის გელა ჩივიაშვილის გადაყენება მოითხოვა.
დღესვე საკრებულოს სხდომაზე თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კახაბერ გულედანის კანდიდატურა დაამტკიცეს.