თბილისის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ კომისიის 2018 წლის წლიური ანგარიში წარმოადგინა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, 2018 წელს სარევიზიო კომისიამ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი 33 ორგანიზაცია შეამოწმა. მისივე განმარტებით, სარევიზიო კომისია საქმიანობას კომისიის სამდივნოს თანამშრომელთა (რევიზორთა) მეშვეობით ახორციელებს, ხოლო კომისიის სხდომაზე განხილული შემოწმება-ანალიზის დასკვნები შემდგომი რეაგირების მიზნით, თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში იგზავნება.
დღესვე სხდომაზე დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს. გაიოზ თალაკვაძემ დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში გააცნო, რომელიც სტრუქტურული ერთეულებიდან, რაიონის გამგეობებიდან და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით მომზადდა. როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილების გეგმიურ მაჩვენებლებთან ფაქტობრივი მოცულობების შედარებას, ასევე ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის და პროგრამების დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას. მანვე 2018 წლის ბიუჯეტით საანგარიშო პერიოდში დაფინანსებული პრიორიტეტებზეც ისაუბრა და დასახული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების აღწერასა და მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.
გარდა ამისა, დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას კომერციულ ბანკში კაპიტალური ინვესტიციების განხორციელების მიზნით, საკრედიტო ხაზის ლიმიტის 12 მილიონი ლარით გაზრდას მისცეს თანხმობა და ამასთანავე, ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების წესში სკრინინგსა და ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. კერძოდ, დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღებას ყოველთვიურად უფრო მეტი მოსარგებლე შეძლებს. რაც შეეხება მეორე ცვლილებას, ის ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესს ეხება, რომლის თანახმად, ღვიძლის ტრანსპლანტაციის თანადაფინანსება არსებული 60 ათასი ლარის ნაცვლად 70 ათას ლარამდე გაიზრდება.
სხდომაზე ასევე თბილისის ბიბლიოთეკების რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს და სსიპ ,,თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის’’ ლიკვიდაციას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
როგორც განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება არსებული ბიბლიოთეკების თანამედროვე, შემეცნებით, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებად გარდაქმნას გულისხმობს.
საკრებულოს წევრებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ირაკლი თავართქილაძეს მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცეს. კერძოდ, თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემას, ასევე რამდენიმე მოქალაქისთვის საცხოვრებელი ფართის სიმბოლურ ფასად დაკანონებას დაუჭირეს მხარი.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, დღესვე რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტები და დავალებები დამტკიცდა, ხოლო თბილისის №218 საჯარო სკოლას კი რუსტამ ისაევის სახელის დაერქვა.
საკრებულოს სხდომას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.