37 ხმით 4-ის წინააღმდეგ - თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტი საკრებულოს წევრებს თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ წარუდგინა. სხდომას „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
გენგეგმის მნიშვნელობასა და მასში ასახულ სიახლეებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, გენერალურ გეგმაში ურბანული განაშენიანების და განვითარებისთვის ახლებური მიდგომებია ასახული. ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ისტორიულ-კულტურული ნაწილის განვითარებასა და ლანდშაფტურ მნიშვნელობაზე. გიორგი ტყემალაძის თქმით, გენგეგმაში დასახულია ტერიტორიების ბალანსირებული და რეკონსტრუქციაზე ორიენტირებული განვითარება. ასევე პრიორიტეტულია ქალაქის ცენტრალური ნაწილის ისტორიულად ჩამოყალიბებული ხასიათისა და თავისებურებების შენარჩუნება და აღდგენა, მისი კულტურული, საზოგადოებრივი და წარმომადგენლობითი ფუნქციის განვითარება.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც დოკუმენტში აისახა, სატყეო ზონისა და სამი ტიპის რეკრეაციული ზონის შემოღებას ეხება. ამასთანავე, ახალი გენგეგმის მიხედვით, იკრძალება კ2 კოეფიციენტის გადაჭარბების გაზრდაც. კ2 კოეფიციენტებს ადგენს გენგეგმის უფლებრივი ზონირების რუკა, რომელიც საზღვრავს შენობა-ნაგებობების მაქსიმალურ ინტენსიობას (შენობა-ნაგებობების სართულების ჯამურ ფართობს). ამ აკრძალვით მესაკუთრეებს არ შეეძლებათ მიმართონ მუნიციპალიტეტს გენგეგმით დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის მომატების თაობაზე.დოკუმენტში დაზუსტდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელებისათვის პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, ქალაქგეგმარების, ეკონომიკის, ლანდშაფტის და ტრანსპორტის მიმართულებით; გენგეგმის ფარგლებში მსხვილი საქალაქო პარკის მოსაწყობად შეირჩა 4 ტერიტორია, (ზღვის უბნის პარკი, დიღმის ჭალები, ვაზისუბნის პარკი და დირსი ჭალის პარკი).
ქალაქის მასშტაბით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმებიდან შვიდს განესაზღვრა სარევიზიოს, ხოლო ოთხს ქალაქის განაშენიანებისთვის შეუსაბამოს სტატუსი.
ტექნიკური თუ სხვაგვარი უზუსტობების თვალსაზრისით, განხორციელდა 7 თემატური რუკის რევიზია და ძირითადი ზონირების რუკის კორექტირება. მოგეხსენებათ გენგეგმის ახალ დოკუმენტში რიგ არეალებში გამქრალი იყო ქალაქის შიდა გამწვანებული სივრცეები, ამ მიმართულებით დამუშავდა და შეიქმნა თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა.
თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტზე „სითი ინსტიტუტი“ 2015 წლიდან მუშაობდა. დოკუმენტის შესაქმნელად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარი იქნა გამოყოფილი.