31 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი - თბილისის საკრებულომ ერეკლე კუხიანიძე თანამდებობიდან გადააყენა. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. გარდა გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის პოსტისა, ერეკლე კუხიანიძეს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დატოვებაც მოუწია. სხდომაზე ერეკლე კუხიანიძე სხდომაზე შვილთან ერთად მოვიდა და განცხადების გაკეთების შემდეგ, დარბაზი დატოვა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, სხდომა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ წუთიერი დუმილით გახსნა. გიორგი ტყემალაძემ და დეპუტატებმა გარდაცვლილი არასრულწლოვნების ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, ბოლო დროს დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების შესწავლა მოხდეს და ქვეყანაში მომავალი თაობისთვის უსაფრთხო გარემო შეიქმნას.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ორმა არასრულწლოვანმა სკოლის მოსწავლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს და ახლობლებს. ვფიქრობ, ეს არა მარტო მათი, არამედ თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე ის ტკივილი, რომელსაც განვიცდით.მნიშვნელოვანია, დეტალურად მოხდეს საკითხის შესწავლა. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ მომავალი თაობისთვის, ჩვენი შვილებისთვის უსაფრთხო გარემო. ამ პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოების და თითოეული ჩვენგანის ჩართულობა. ყველა ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მის გვერდით ოჯახის გარდა საზოგადოებაც დგას”- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
დღესვე, თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის მოადგილეს მაია ბითაძეს მოუსმინეს, რომელმაც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვიქტორ წილოსანი წარადგინა. საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დედაქალაქის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს. წარმოდგენილი პროექტით, თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის მოცულობა 5 616,0 ათასი ლარით იზრდება და 1 106 066,8 ათას ლარს შეადგენს.
დღესვე, გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების წესში შესატანი ცვლილებები წარადგინა, რომელიც თანამონაწილეობის პროცენტის 10-იდან 5-მდე შემცირებას ითვალისწინებს. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, თანამონაწილეობის გადასახადისგან სოციალურად დაუცველებთან ერთად, მრავალშვილიანი ოჯახებიც თავისუფლდებიან.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, რამდენიმე ათეულ ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები პირდაპირი განკარგვის წესით, სიმბოლურ ფასად- 1 ლარად დაუმტკიცდათ.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც დაამტკიცეს.