თბილისის ბიუჯეტი 72 650,3 ათასი ლარით გაიზარდა და მილიარდ 281,8 ათასი ლარით განისაზღვრა. აღნიშნულის თაობაზე საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე იმსჯელეს. ბიუჯეტის ცვლილებები დეპუტატებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებები 2018 წელს ფაქტიურად მიღებული შემოსავლებისა და 2019 წლის 1 იანვრისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების გამოყენების გათვალისწინებით ხორციელდება.
შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა 72 650,3 ათასი ლარით იზრდება და მილიარდ 281,8 ათას ლარს შეადგენს.
ბიუჯეტის შემოსულობების ზრდისა და ნაშთის გამოყენების გათვალისწინებით, ასიგნებები სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე გადანაწილდა, მათ შორისაა: გზების მშენებლობა და აღდგენა, საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქცია, შემოქმედებითი თბილისი, ასევე კეთილმოწყობის საქალაქო ღონისძიებები. იზრდება სპორტული ღონისძიებების ასიგნებებიც.
დღევანდელ სხდომაზე, ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებების შეტანის შესახებაც იმსჯელეს. აღნიშნული ცვლილებები თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა მუმლაძემ წარადგინა. დღესვე დადგენილების პროექტს, რომლის საფუძველზე, რუსთავი-თბილისის ხაზზე ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტი მტკიცდება და გაჩერებები განისაზღვრება, დადებითი რეკომენდაცია მისცეს. გარდა ამისა დეპუტატებმა ავტობუსებით (M2 კატეგორია) გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის ანაზღაურების შესახებ დადგენილების პროექტზე იმსჯელეს. მოცემული დადგენილების საფუძველზე გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის შეღავათიანი ტარიფებით მგზავრობის დაფინანსება ხორციელდება.
საკრებულოს წევრებმა სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ წარმომადგენელსაც მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს. კერძოდ, დეპუტატებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა და გაცვლის ფორმით პრივატიზებას, ასევე სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემას დაუჭირეს მხარი.
სხდომაზე ასევე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხის თაობაზე იმსჯელეს და სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
სხდომაზე თბილისის რამდენიმე ქუჩის, შესახვევის, სკოლის და ჩიხის სახელდების საკითხიც განიხილეს. მათ შორის, ზურაბ იარაჯულის სახელი თბილისის №106 საჯარო სკოლას მიენიჭა.
სხდომას, დეპუტატებთან ერთად, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.