დღეს თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტის ცვლილებები დააამტკიცეს. ცვლილებების თანახმად, თბილისის ბიუჯეტი 12 მილიონი ლარით გაიზარდა და 1 მლრდ 075 მლნ 101, 8 ათასი ლარით განისაზღვრა.
ბიუჯეტის საკრედიტო ხაზით გაზრდა ოპოზიციამ გააკრიტიკა. გარდა ამისა, სხდომაზე კამათი ნაკვეთების ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებულ საკითხებსაც მოჰყვა. ოპოზიციის განცხადებებს საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ უპასუხა. როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, თბილისის ბიუჯეტი იზრდება და დედაქალაქზე ეს სასიკეთოდ აისახება.
2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებები საკრებულოს სხდომაზე საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, გაზრდილი ბიუჯეტი მეტროს ვაგონების მოდერნიზებასა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმოდგენილი საკითხის მიხედვით, ელექტრომობილებისათვის დასატენი სადგურების ლოკაციები განისაზღვრა. საკრებულოს სხდომაზე ავტობუსის რამდენიმე ხაზზე მოძრაობის მარშრუტების ცვლილებას, ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობებს და ზონალური პარკირების ტარიფების დადგენას მხარი დაუჭირეს.
დღევანდელ სხდომაზევე ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულებაში ცვლილებებს დაუჭირეს მხარი, რომელიც სამსახურის უფროსმა სანდრო ტოგონიძემ წარადგინა.
ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესში ცვლილების მიხედვით, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება მარტივდება.
საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს მოქალაქეებისთვის ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა-დაკანონების და დედაქალაქში მდებარე სხვადასხვა მისამართებზე მდებარე მიწის ნაკვეთების გაცვლის ფორმით პრივატიზების, პირდაპირი განკარგვის ფორმით, იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ საკითხებს.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივას, თბილისის სხვადასხვა უბნებში ქუჩების სახელდებასთან დაკავშირებით, მათ შორის 9 აპრილს დაღუპული 6 ქალის სახელის მინიჭების თაობაზე.