ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, თბილისის საკრებულომ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სხდომების ონლაინ რეჟიმში ჩატარების შესაძლებლობის დაშვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა, ახალი კორონავირუსის გამო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკრებულო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, შესაბამისად გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, საკრებულოს სხდომები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.
„ჩვენ ვითვალისწინებთ გაცემულ რეკომენდაციებს და ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, განსაკუთრებული საჭიროების დროს საკრებულოს სხდომების დისტანციურად, ელექტრონული ფორმით ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს და მოსახლეობას კრიზისი თავიდან აარიდოს. ვიმედოვნებ, რომ ეს მდგომარეობა მალე შეიცვლება და ჩვენ, ყველანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით,“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.