თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე იმსჯელეს.
დედაქალაქის მერის წერილი კოლეგებს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა წარუდგინა, დეტალებზე კი საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ ისაუბრა.
გამგებლის განცხადებით, 66 სახლის რეაბილიტაციისათვის 1 მლნ. 200 ათასი ლარი დაიხარჯება.
,,დაზიანებული სახლების სია მოქალაქეების განაცხადების შესწავლის შემდეგ დადგინდა. რამდენიმე დღეში შედგება პროექტები და სამუშაოებიც დაიწყება. ამინდის გაუარესების გამო, პირველ რიგში, სახლის სახურავების გადახურვას დავიწყებთ, რათა მოსახლეობა კიდევ არ დაზარალდეს", - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
აღნიშნულ საკითხს ბიუროს წევრების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.