თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 38 საკითხზე იმსჯელეს.
წარმოდგენილ საკითხთაგან 29 საკითხი, თბილისის სხვადასხვა რაიონში არსებული ქუჩებისათვის, შესახვევებისა და სკვერებისთვის სახელების მინიჭებას ეხებოდა. ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს საკითხი თბილისში არსებული ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.
იმსჯელეს თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის“ დაფუძნების შესახებ. აღნიშნული საკითხი, ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
საკითხები კი, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტების შეთანხმებას ეხებოდა, ბიუროს სხდომაზე თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა ნინო გვენცაძემ წარმოადგინა.
ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილ და განხილულ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცათ.