თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამების და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა დეპუტატებს თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების მიერ წარმოდგენილი პროექტები წარუდგინა და აღნიშნული ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა კი კოლეგებს დეტალურად გააცნო ,,თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის’’ მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც ქალთა კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
ბიუროს წევრებმა ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ჯაბა სამუშიას მიერ წარმოდგენილი საკითხებიც განიხილეს, რომლებიც ორი რაიონის გამგეობისთვის თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალურ გადანაწილებას გულისხმობდა.
დღესვე დეპუტატებმა თბილისის მერიას თანხმობა მისცეს სარეკლამო დროისა და პირდაპირი ტრანსლირების შესყიდვაზე.
საკრებულოს წევრებმა ბიუროზე განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარის ლევან დარახველიძის მიერ წარმოდგენილ პროექტებს, რომელბიც სხვა საკითხებთან ერთად ძირითადად მეწარმეების ან მეწარმეობის დაწყების მსურველეთა დახმარებას, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ბიზნესის დაწყებასა და განვითარებას ისახავს მიზნად.
სპორტის კომისიის წარმომადგენლებმა კი დეპუტატებს შესათანხმებლად ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პროექტი - ტურნირი ტყვიით სროლაში ,,8 მარტი’’ წარმოუდგინა.
აღნიშნული საკითხები ბიუროს სხდომამდე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიებზე დეტალურად იქნა განხილული. ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილ ყველა საკითხს ხმათა უმრავლესობით დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
სხდომას მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.