დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი განიხილეს.
ბიუროს წევრებმა არასამეწარმეო იურიდიული პირის „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი-2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის ლიკვიდაციის, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილებების შეტანის, თბილისში რამოდენიმე ქუჩის სახელდებისა და სხვა მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს.
დღესვე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა კოლეგებს სამი საკითხი წარუდგინა, რომლებიც თბილისში სხვადასხვა მისამართებზე მდებარე ავარიული სახლების სასწრაფო გამაგრებითი, პირველი და მეორე ეტაპების სამუშაოების დაწყებაზე თანხმობის მიცემას ეხებოდა.
დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.