თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს. აღნიშნული საკითხების განხილვა ბიუროს სხდომამდე, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, განათლებისა და კულტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებზე განხორციელდა. კერძოდ, კომისიის წევრებმა ისნის, ვარკეთილისა და მთაწმინდის რაიონების გამგეობების მიერ წარმოდგენილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე იმსჯელეს.
ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამისა და აბრების განთავსების სახელმწიფო ენის დაცვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებების შესახებ, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლების, ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტების განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე და თბილისში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი“ ჩატარების შესახებ იმსჯელეს.
სხდომაზე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა და პრივატიზაციის გეგმა წარმოადგინა. საკრებულოს სხდომაზე დამტკიცების შემთხვევაში აღინიშნული ქონება პრივატიზაციას დაექვემდებარება. გარდა ამისა, ბიუროს სხდომაზე განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარებისა და სხვა მომსახურების ხელმისაწვდომობის განხორციელების წესი. ზემოაღნიშნული ასევე ეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული.
დეპუტატებმა ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.